განათლება
კარდენახის სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წელი კარდენახის გარდა, ყველა საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს დაიწყება.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სკოლაში კვლავ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლა გამოიყენებს თავის უფლებას და მიმართავს მინისტრს სწავლების განსაზღვრული ვადით გადადების შესახებ. ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ხოლმე, შეიძლება გამოცხადდეს და გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდეს. ეს კი ვადებში გაწელილი პროცედურებია. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. როგორც კი გამოვლინდა კომპანია მალევე დაიწყო სამუშაოები. თუმცა აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი იყო გასაკეთებელი, ვიდრე ჩანდა. ვფიქრობ, სწავლა მხოლოდ ერთი კვირით გადაიწევს. “


სასწავლო პროცესი არ დაიწყება ასევე ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში, დალი მინდიაშვილის თქმით, ვადების გადაწევა იქაც გახდა საჭირო.
„რაც შეეხება ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლას, იქ მშენებელმა უკვე ითხოვა ვადების გადაწევა და მიზეზიც დაგვისაბუთა. ეს მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის და მივმართეთ სამინისტროს. აქ სწავლა თვენახევრით გადაიწევს. შენობა მასშტაბურად კეთდება. ამ სკოლის ბავშვები 2017-2018 სასწავლო წლიდან ისედაც ალტერნატიულ ფართში არიან გადასულები და კაჭრეთის სკოლაში დადიან, მათ ტრანსპორტი ემსახურებათ. სკოლა 125 ბავშვზე შენდება. გათვლილია რეკრეაციული ზონები, ცენტრალური გათბობა, ლაბორატორიები და ა.შ. “

მისივე თქმით, წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ შვიდ საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google