განათლება
დღეს გურჯაანის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.


განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა ახალ სასწავლო წელს გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა. დირექტორის ნინო ნონეშვილის თქმით, მოწესრიგდა სველი წერტილები და დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
„ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ დიდ წარმატებას, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შევხვდით. სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები და გარემონტდა რამდენიმე ლოკაცია. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ ბავშვებს შესაფერისი გარემო შევუქმნათ. წელს 58 პირველკლასელი გვყავს. ყოველთვის მათი გულით და თვალით ვუყურებ სკოლას, თუ როგორ იგრძნობენ თავს ამ კედლებში.“


მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები, წელს ექვს საჯარო სკოლაში ჩატარდა.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსწავლეებს მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ექვს სკოლაში სწავლის დაწყებამდე მოგვესწრო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს კომფორტი მომავალში ყველა სკოლაში შევიტანოთ.“

შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 620 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელების გარეშე ახალ სასწავლო წელს მხოლოდ მაღალმთიან სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა შეხვდა, სადაც 6 ბავშვი სწავლობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /