განათლება
კოლეჯ "აისში" განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
კახეთის რეგიონში კოლეჯი „აისი“ წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: სოფელ კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) არის კოლეჯ „აისის“ მთავარი დაწესებულება და მისი სამი ფილიალი განთავსებულია სოფელ სამრეკლოში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სოფელ ქვემო ალვანში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და სოფელ შრომაში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).

კოლეჯი „აისი“ თავისი სამივე ფილიალით წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადად პროფესიული განათლება და რა სიახლეები იგეგმება სამომავლოდ, გთავაზობთ ინტერვიუს კოლეჯი „აისის“ დირექტორთან ბატონ მალხაზ ასლამაზაშვილთან.

- თითქმის 30 წელია, რაც პროფესიულ განათლებას ემსახურებით. კოლეჯ „აისში“ იყავით მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე და ახლა უკვე დირექტორი. ამ გადასახედიდან, როგორ შეაფასებდით პროფესიული განათლების განვითარებას, რა მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და პირადად თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის რა იქნება პრიორიტეტი, რა სიახლეებს შესთავაზებთ საზოგადოებას უახლოეს მომავალში?

-ჩემი მიზანია, ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველვყოთ ახალი გამოწვევების შესაბამისი განათლებით, ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების ბაზაზე ინოვაციურად მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამის საშუალებით, კოლეჯმა აღზარდოს საერთაშორისოდ მოაზროვნე, ღირსეული მოქალაქეები და თითოეულ სტუდენტში განავითაროს ახალი ათასწლეულის უნარები, რათა ხელი შეეწყოს მათ კონკურენტუნარიანობას, დასაქმებას, მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას. საგანმანათლებლო სტანდარტების მუდმივი იმპლემენტაციის გზით ჩვენ ხელს შევუწყობთ ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.

მიმაჩნია, რომ პროფესიული განათლების სისტემა ყველაზე კეთილშობილურია და ამ სისტემის წარმატებისათვის ღირს თავდადება და თავგანწირვა. ამიტომ, ყველამ ღირსეული წვლილი უნდა შევიტანოთ მისი განვითარებისათვის. ჩემი, როგორც მენეჯერის მთავარი პრიორიტეტები იქნება, დაინტერესებული მხარეებისათვის ხარისხიანი განათლების შეთავაზება, თანამშრომელთა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, კოლეჯის ცნობადობის გაზრდა, მოქნილი პროგრამების შეთავაზება, სხვა ქვეყნების კოლეჯებთან კონტაქტების დამყარება და მათი გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის, არსებული და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისად პროფესიათა დივერსიფიკაცია.

_ დამსაქმებლებთან, კერძო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით თუ არის სიახლეები და როგორ აპირებთ ურთიერთობის გაღრმავებას ამ სექტორში.
_ დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ურთიერთობა სტუდენტთა პროფესიული განვითარებისათვის და მათი შემდგომი დასაქმებისათვის მნიშველოვანია. ამ ეტაპისათვის ჩვენ გვყავს 150-ზე მეტი დამსაქმებელი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა აქტივობებით აუცილებლად გაღრმავდება. ძალზედ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით დუალური და მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დანერგვა, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ
.
_ კოლეჯი ყოველ წელს მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და თითქმის ყოველთვის აღწევს გამარჯვებას. ამ მიმართულებით თუ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას და ახალი გრანტების მოძიებას?
_ კოლეჯის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც გაეროს გავითარების პროგრამის მიერ იყო მხარდაჭერილი და ითვალისწინებდა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზებას“, გახლავთ - „აგრარულ სექტორში უწყვეტი სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობების დანერგვა“. პროექტი განხორციელდება კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში - გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ: კოლეჯის მასწავლებლები და მენეჯმენტი, ფერმერები, სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე პირები. სოფლად მცხოვრები ქალები, სოციალურად დაუცველები, მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
კოლეჯი „აისის“ პროფესიონალი პედაგოგებისგან შემდგარი ჯგუფი აგრარული მიმართულების პროგრამების და ფერმერული მეურნეობების მართვის შესწავლით დაინტერესებულ პირებს მოკლევადიანი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის გზით, შესთავაზებს აგრარული მიმართულების მოკლევადიან (მათ შორის დუალური მიდგომის პრინციპით) კურსებს: ბიომეხილეობა (გურჯაანი), მეფუტკრეობა (ახმეტის მუნიციპალიტეტი, პანკისი), მეფრინველეობა (საგარეჯო), მესაქონლეობა (ლაგოდეხი), ბიომეხილეობა (ლაგოდეხი). გარდა ამისა, ვინაიდან თვითდასაქმებისთვის გარკვეული დრო და ფინანსური რესურსებია საჭირო. კოლეჯი „აისი“ პარტნიორებთან ერთად შეეცდება, საწყის ეტაპზე გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს დამწყებ ფერმერებს საჭირო რესურსის საკუთრებაში გადაცემით. პარალელურად, კოლეჯში შეიქმნება ფერმერთა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი, სადაც პროექტის ფარგლებში გადამზადებული კონსულტანტი უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისათვის სათანადო კონსულტაციის გაწევას.

_ მალე კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციები დაიწყება. თუ შეიძლება, გვითხარით აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებისა და ჩარიხცვის პროცედურების შესახებ. ასევე, რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება მიღება კოლეჯ „აისსა“ და მის ფილიალებში?
_ აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყება 2 ოქტომბერს და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება შემდეგ სპეციალობებზე:
კაჭრეთში:
 მევენახეობა-მეღვინეობა (დუალური პროგრამა)
 ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (დუალური პროგრამა)
 მეფუტკრე
 ინფორმაციის ტექნოლოგია
 ელექტროობა
 თმისა და სილამაზის მომსახურება
 ტუროპერატორი
 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი

დედოფლისწყაროს ფილიალში:
 ელექტროობა
 თექის ოსტატი
 თმისა და სილამაზის მომსახურება
ლაგოდეხის ფილიალში:
 სატყეო საქმე
 იატაკისა და ფილის სამუშაოები
 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
ალვანის ფილიალში:
 თექის ოსტატი
 მომინანქრება
 თმისა და სილამაზის მომსახურება
 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
_ არის თუ არა სიახლე აპლიკანტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინა წლებისგან განსხვავებით?
წელსაც იგივე პროცედურების დაცვით წარიმართება რეგისტრაციები, როგორც წინა წლებში. განსხვავება შეეხება მხოლოდ დუალურ პროგრამებს. წინა წლებისგან განსხვავებით, დუალურ პროგრამაზე სწავლის მსურველებს აღარ მოუწევთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გასვლა. ისინი პირდაპირ გასაუბრების შედეგად ჩაირიცხებიან, რომელიც გაიმართება კოლეჯ „აისში“ საწარმოს ხელმძღვანელების ჩართულობით შიდა ტესტირების საფუძველზე. 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://aisisblogi.blogspot.com/p/blog-page_87.html

- რას გვპირდება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ და როდის და რომელ პროგრამებზე განხორციელდება ინტეგრირებული მოდულების სწავლება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს 9 კლასის ატესტატის მქონე პირებს, დიპლომთან ერთად მიიღონ 12 კლასის დამადასტურებელი დოკუმენტიც?
ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ პროფესიულ განათლებას ბევრად უფრო მოქნილს ხდის. აღარ იარსებებს ე. წ. საგანმანათლებლო ჩიხი, რაც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო პროფესიული განათლებით დაინტერესებული მხარეებისათვის. ჩვენ არასოდეს გავურბივართ სიახლეებისათვის ფეხის აწყობას. ინტეგრირებული მოდულების დანერგვის პილოტერებას სატყეო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უახლოეს მომავალში დავიწყებთ. მისი გამოცდილება ჩვენ ამ კუთხით უკვე გვაქვს. ვფიქრობ, დანერგვის პროცესი წარმატებული იქნება.

_ რას უსურვებთ სტუდენტებს?
_ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიულ განათლებაში შემოდიან, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩამოუყალიბდეთ მაღალი დონის პროფესიული უნარ-ჩვევები. სწორედ ამას ვუსურვებ ყველა სტუდენტს. კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი საუკეთესო განათლების მისაღებად და ყველა მათგანს ვპირდებით, რომ სრულად გავამართლებთ მათ მოლოდინებს. მთავარია, მათ არ დაზოგონ თავი სწავლისა და იმ უნარების შეძენისთვის, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს! ჩემი სურვილია, ყველა სტუდენტი აქტიურად იყოს ჩართული და არცერთი მათგანი არ დარჩეს პროცესებს მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იამაყებენ კოლეჯის ყველა თანამშრომლის სამართლიანობით, ობიექტურობით, ყურადღებიანობით, და რაც მთავარია სანდოობით.

კოლეჯ "აისის" ინფორმაცია







| Print |
FaceBook Twitter Google