განათლება
რატომ ვერ იღებენ ბავშვები სრულფასოვან ინკლუზიურ განათლებას?
13 წლის მარიამი ქალაქ გურჯაანის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მარიამი ექვსი წლის განმავლობაში სხვა სკოლაში დადიოდა, თუმცა როგორც დედამისი, დარეჯან ბერიშვილი ამბობს, მოზარდი ვერც პედაგოგებთან კონტაქტობდა და ვერც კლასელებთან შეძლო თავის დამკვიდრება.
„თუკი სადმე ქეიფობდნენ კლასელები, მარიამს არ ეუბნებოდნენ, ეს როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის დიდი სტრესი იყო. როცა შშმ შვილი გყავს, ყველასგან გარიყული ხარ, არავის უნდიხარ,“ - ამბობს დარეჯანი.

მარიამს დაუნის სინდრომი აქვს. როგორც დედამისი ამბობს, ინკლუზიური სწავლების მეთოდები არაეფექტურად მუშაობს - „ჩემს შვილს სპეციალური მასწავლებელი კი არა, პერსონალური ასისტენტი სჭირდება. პედაგოგი სულ სხვა რამ არის, მარიამს კი ხან საპირფარეშოში სჭირდება შესვლა და ხანაც სხვა რამეში უნდა დახმარება“.



მისივე თქმით, მარიამი სწავლის პროცესში ვერ ერთვება, რადგან მისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა არ არის შედგენილი, ხოლო როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს მთელ კლასს უხსნის, ბავშისთვის ეს გაუგებარია.

მოსწალეს სპეციალური პედაგოგი სჭირდება, პერსონალური ასისტენტი, თუ სწავლების ინდივიდუალური გეგმა, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მულტიდისციპლინური გუნდი წყვეტს. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი დარეჯან ბურდიაშვილი ამბობს, რომ მასწავლებელი სამინისტროს მაშინ უკავშირდება, თუ საგაკვეთილო პროცესის დროს ბავშვის განსაკუთრებული საჭიროება ვლინდება.

„რაც შეეხება ინდივიდუალურ გეგმას, თუ კლასის დამრიგებელი ამას არ თვლის საჭიროდ, მშობელს შეუძლია მიმართოს დირექტორს და შედგენა თავად მოითხოვოს. “ - გვეუბნება დარეჯან ბურდიაშვილი.

ასეთი მიმართვის შემდეგ კი საკითხი ისევ მულტიდისციპლინარულ გუნდს უნდა გადაეგზავოს განსახილველად. შეფასება და დასკვნის შედგენა სასწავლო პროცესისას 20 სამუშაო დღის ვადაში ხდება, ხოლო როდესაც ბავშვი პირველ კლასში შედის, ეს ვადა ხუთი დღეა.

თუმცა, როგორც ზოგიერთი მშობელი ამბობს, განათლების სამინისტროში მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებას აჭიანურებენ. მანანა შიშნიაშვილის 10 წლის შვილს, მერიკოს გონებრივად ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს დასმული. დედის თქმით, განათლების სამინისტროდან სპეციალური პედაგოგის დანიშვნაზე პასუხმა ერთი წლით დააგვიანა მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ექიმის დასკვნა ჰქონდა წარდგენილი.

„სპეც პედაგოგი რომ თავიდანვე ჰყოლოდა, იქნებ რამე უკეთესად ყოფილიყო. ვცდილობ, რამით დავაინტერესო ჩემი შვილი, მაგრამ ამას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებ. სკოლაში ჯერ ინდივიდუალური გეგმა არ აქვთ, ახლა უნდა შევიმუშაოთო.“


იმ საჯარო სკოლების ნაწილში, სადაც პეროსონალური ასისტენტი არ არის, ამ ფუნქციას შესაბამისი არასამთავარობო ორგანიზაციები ითავსებენ. ორგანიზაცია MTE-ის (შეხვდი, ასწავლე, წაახალისე)  ნიკა ჯავაშვილი,სოფელ ჩუმლაყში, 15 წლის ალეკოს პერსონალური ასისტენტია.
„რომ არა ნიკა, ალეკო ასეთი გახნილი და დამოუკიდებელი არ იქნებოდა. მხოლოდ სპეციალური პედაგოგი, ვფიქრობ, საკმარისი არ არის“ - ამბობს ალეკოს დედა, ნინო გელაშვილი.

ალეკოს დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. ნიკა მის გვერდითაა საგაკვეთილო პროცესის დროსა თუ დასვენებისას, სკოლიდან სახლში მიჰყვება და გაკვეთილებს ერთად ამზადებენ. ნიკა ალეკოს სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ გარდა, მშობლებმაც უნდა იმუშაონ მათთან. პერსონალური ასისტენტი თუ წამოვა სახლიდან და მშობელი მას [შვილს] აღარ აუხსნის როგორ უნდა მოიქცეს სწორად, არ აუხსნის რაღაცეებს, რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობას შედეგი არ ექნება, ან თუ ექნება შედარებით გვიან,“-ამბობს ნიკა ჯავაშვილი.



ფსიქოლოგი მარიამ ყვირალაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციურ სპეციალისტთან მუშაობა, ადაპტირებული გარემო და ინდივიდუალური ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა მნიშვნელოვანია განათლების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვს. მისი თქმით, ინკლუზიური სწავლების პროგრამაში ნელ-ნელა იდგმება პოზიტიური ნაბიჯები, თუმცა ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ხშირად სკოლას და თავად მშობლებსვე არ სურთ არატიპური განვითარების მქონე ბავშვების მიღება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ეს ხდება იმის გამო, რომ არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან მიდგომისა და ურთიერთობის სტრატეგიები. თუ კლასში შშმ ბავშვია, თვლიან, რომ იგი უნდა იყოს სულ რესურს ოთახში სპეც პედაგოგთან ერთად, რაც მცდარი აზრია. მოსწავლის რესურს ოთახში ყოფნის სიხშირესა და ხანგრძლივობას მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს და არა რომელიმე მასწავლებლის ან სხვა პირის სურვილი. ანუ, უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლის რესურს ოთახში ყოფნა დამხმარე საშუალებაა და არა მისი სწავლების ფორმა. სწავლა ხდება გაკვეთილზე ყველასთან ერთად.“


| Print |
FaceBook Twitter Google