განათლება
სკოლის დირექტორებისთვის კონკურსი გამოცხადდა
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.


| Print |
FaceBook Twitter Google