განათლება
პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მიღების შანსი 2019 წლის ბოლომდე აქვთ
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, პროექტის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, მეორე ეტაპი კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
„ ამან ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაცილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო, ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა მან.

პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გასვლის ინიციატივა, რამდენიმე თვის წინ, ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააჟღერა. მან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლიდან გასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება შესთავაზა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სისტემიდან წასვლამდე, სამინისტრომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდებში მონაწილეობის მიღების და სტატუსის ამაღლების ორი შანსი მისცა, 2019 წლის ზაფხულზე და შემდეგ შემოდგომაზე. პროექტის მეორე ეტაპზე, 2-წლიანი ჯამური ანაზღაურების მიღების შანსი, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით მეორე ეტაპის ზუსტი ვადები, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. მონაწილეობის წესები კი უცვლელი დარჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google