განათლება
„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ -კონკურსი მოსწავლეებისთვის
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“


უწყების ინფორმაციით, კონკურსი მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით ტარდება. პარალელურად, ათამდე სკოლაში მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ ტრენინგებს ჩაატარებენ.


კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “fake news”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, კომისია გამარჯვებულებს შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს Iphone 11 Pro, მეორე ადგილის მფლობელს Ipad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.
დავალების წარსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე https://www.facebook.com/MediaLiteracy.GNCC/ და კომისიის ვებ გვერდზე www.gncc.ge .



| Print |
FaceBook Twitter Google