განათლება
პედაგოგთა შემოდგომის ტესტირების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა აპელაციის საფასური უნდა გადაიხადოს. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში – გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდა შესაძლებელია: ცენტრის ვებგვერდიდან; „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით; ვებგვერდზე epay.ge; „საქართველოს ბანკის“თვითმომსახურების ტერმინალით; „საქართველოს ბანკის“ინტერნეტბანკინგის საშუალებით და OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით.

აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. უწყების ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge იქნება შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google