განათლება
რა ცვლილებებია 2020 წლის საგამოცდო ტესტებში
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. ცვლილებები შეეხება ისტორიის, უცხოური ენებისა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენები) და მათემატიკის გამოცდას.

ისტორიის გამოცდის ტესტში გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა აღნიშნული დავალების შესრულებისას ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასება“ – ამ დავალებაში აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი, შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. ისტორიის გამოცდაში უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ყველა უცხოური ენის ტესტში განხორციელდა 2 სიახლე: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი. შესაბამისად, ტესტებში 1 მოსმენის დავალების ნაცვლად იქნება 2 მოსმენის დავალება. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.



| Print |
FaceBook Twitter Google