განათლება
მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდება
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით ტესტების ნიმუშებიც გამოქვეყნდება.
„ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმიტომ, რომ ეს შეფასება უნდა იყოს სრულად ელექტრონულად, ამიტომ განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ასეთი სტილის ტესტირება ჩვენ მანამდე არ ჩაგვიტარებია არასდროს. ეს სხვა ტიპის ტესტია, აქვს არა იმდენად განმსაზღვრელი ფუნქცია, არამედ განმავითარებელი ფუნქცია. ამიტომ, სამუშაო საკმაოდ დიდი და მოცულობითია. ნიმუშებს, რა თქმა უნდა, დავდებთ, რომ იცოდნენ მშობლებმა რა ტიპის დავალებებია. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, სკოლების შერჩევაც, როცა მოხდება შეგატყობინებთ. გაზაფხულზე მხოლოდ პილოტირების რეჟიმში გავაკეთებთ ეროვნულ შეფასებას და იმ შედეგებსაც გავითვალისწინებთ, რასაც პილოტირება გვიჩვენებს. შეიძლება პილოტირებაზე ერთი ტიპის რაღაც გავაკეთოთ და შემდეგ შევცვალოთ”,

ტესტირება ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება და მას ელექტრონული სახე ექნება. ტესტს არ ექნება ბავშვის კლასიდან კლასში გადასაყვანი ფუნქცია და ის მხოლოდ ინფორმაციას მიაწოდებს, სკოლას, მოსწავლეს და მშობელს ბავშვის განვითარების შესახებ.


| Print |
FaceBook Twitter Google