განათლება
საქართველოს სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

აპლიკანტმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსოს განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს : გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.

გამოცდა ზოგად უნარებში 5 თებერვალს ჩატარდება. ჩატარების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდა /