განათლება
ტენდერი, რომელიც ბაღებში ხორცპროდუქტების შეტანას ითვალისწინებდა, გურჯაანშიც ჩაიშალა
ყვარლის მსგავსად, გურჯაანის ბაგა ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუქტების შესყიდვას გულისხმობდა, არ შედგა.
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 27 იანვარს სრულდება.

"ქათმის ხორცი აღსაზრდელებს უწყვეტად მიეწოდებათ. საქონლის ხორცის ტენდერი ჩაიშალა, თანხა მოვუმატეთ და მეორედ გამოვაცხადეთ. ხორცის ნაშთი გვაქვს, იმედს ვიტოვებ, რომ ტენდერში კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და შემდეგი კვირიდან შევძლებთ საქონლის ხორცის მიწოდებას აღსაზრდელებისთვის,“- განაცხადა გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა ფროდიაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი ჩაიშალა ტენდერი, რომელიც პურის, შაქრის, ვერმიშელის, ჩაის, ხილის, მაკარონის, ორცხობილის, მარილისა და საფუარის შეძენას ითვალიწინებდა. თუმცა, როგორც speqtri.ge-ს გაერთიანების ხელმძღვანელმა ელზა გილაშვილმა განუცხადა, ამის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში პრობლემა არ შექმნილა. აღნიშნულ პროდუქტებს კომპანია ორჯერადად გამარტივებული შესყიდვის გზით მიაწვდის. პარალელურად კი ტენდერი 51 743 ლარზე ხელახლა გამოცხადდა.

რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერს, ამ ეტაპზე ხელშეკრულება გამარჯვებულ მონაწილესთან ჯერ კიდევ არ გაფორმებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google