განათლება
„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელებაში რესურსცენტრების როლი გაძლიერდება
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.

უწყების ინფორმაციით, სექტემბრიდან პროექტის დეცენტრალიზება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით მოხდება. შეიქმნება 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც პროექტის ფარგლებში სკოლებთან იმუშავებენ.
„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლაში ცალკე ჯგუფი აღარ იქნება, თუმცა დიფერნცირებული მიდგომით მივდივართ, ჩვენ დამატებით გვეყოლება ასისტენტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მიმაგრებულნი იქნებიან კონკრეტულად იმ სკოლაში, სადაც ამის უფრო მეტი საჭიროება იქნება. ვფიქრობთ, ასევე სკოლის ბაზაზეც შეიძლება არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება, რომ იმ მომენტში ამ ჯგუფის ნაწილი გახდეს და ადგილზე გარკვეული პროცესები მართოს“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს რესურსცენტრების, როგორც შუალედური რგოლის განვითარებას. სამომავლოდ კი, გამორიცხული არ არის ექსპერტები რესურცენტრების ბაზაზე დარჩნენ.
14 საგნობრივი ექსპერტისგან შექმნილი ჯგუფების შესარჩევად კონკურსი გაზაფხულზე გამოცხადდება და მასში მონაწილეობის უფლება იმ ექსპერტებსაც ექნებათ, რომლებიც უკვე ჩართულები არიან „ახალი სკოლის“ მოდელში.

„ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის სექტემბრიდან 165 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მასში 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგია ჩართული. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი უკვე 300-მდე სკოლაში იქნება წარმოდგენილი და სწორედ აღნიშნულ სკოლებთან იმუშავებენ ექსპერტთა ჯგუფები.

| Print |
FaceBook Twitter Google