განათლება
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება უკვე შეუძლიათ
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა აქვს მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.

სააპელაციო პროცესი დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 25 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მსურველმა ვებგვერდზე მოცემული ველების შევსებამდე უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური – 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მასწავლებლობის მსურველის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში – გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში ჩაწეროთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.

გასაჩივრების მსურველს, რომელიც 25 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google