განათლება
ჩალაუბნის სკოლის გუნდი "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის" ფინალში გადავიდა
გარემოსდაცვით კონკურსზე "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია", გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის სკოლის გუნდმა "green family" წარმატებას მიაღწია და ფინალში გადავიდა.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, კლუბის მიერ ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები დამსწრე საზოგადოებას სკოლის მოსწავლეებმა თეკლა ფრიდონაშვილმა და ნათია ღვინიაშვილმა წარუდგინეს, კლუბის ხელმძღვანელი კი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა კოჭლამაზაშვილი გახლდათ.

პროექტის მიმდინარეობის დროს, ჩალაუბნის სკოლის გუნდმა არაერთი აქტივობა განახორციელა, მოეწყო რამდენიმე დასუფთავების აქცია, სოფელში შეაგროვეს მაკულატურა. 

-"ამ  მცირე დროში ჩვენ შევძელით და საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი საქმეები გავაკეთეთ. შევაგროვეთ ნახევარ ტონაზე მეტი მაკულატურა, ასევე სოფელში რამდენიმე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოვაწყეთ.  პროექტის სხვა მონაწილე ბავშვებთან გვქონდა ხშირი შეხვედრები და მათ უამრავ საინტერესო და სასარგებლო თემაზე ვესაუბრეთ. საბოლოოდ ამ პროექტმა ბევრი რამ მომცა, ფინალში გადასვლამ კი რა თქმა უნდა უზომოდ გამახარა . ეს უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის,  ეჭვიც არ გვეპარება რომ ფინალში კიდევ უფრო მეტს შევძლებთ,"- ამბობს თეკლა ფრიდონაშვილი.

ნათია ღვინიაშვილს პროექტმა  მეტი თავდაჯერებულობა მისცა და გამოცდილება შესძინა.

-"ჩალაუბნის საჯარო სკოლა წელს პირველად გავიდა ამხელა მასშტაბის პროექტში და საერთოდ არ გვქონდა იმის იმედი, რომ ფინალში ყველაზე ძლიერ ექვს გუნდს შორის ჩვენც  ვიქნებოდით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ ,რომ ეს იყო შანსი მეტი გამოცდილების მიღების და ჩვენი იდეების განხორციელების. ამ პროექტში მონაწილეობამ, პირველ რიგში უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა, რაც მომავალშიც ძალიან გამომადგება და იქნება სტიმული, რომ არასდროს გავჩერდე,"- აღნიშნა ნათია ღვინიაშვილმა.

ჩალაუბნის საჯარო სკოლის გუნდი გამარჯვებისთვის ფინალში სხვა გუნდებთან ერთად იბრძოლებს. 

ცნობისთვის, გარემოსდაცვით კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს და ის 2015 წლიდან ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google