განათლება
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება სექტემბერში ჩატარდება
5 და 6 სექტემბერს შემოდგომის მიღებისთვის პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება ჩატარდება.

ტესტირება 5 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში. პრეტესტი ტესტირების წინა დღეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების შესახებ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული.

ბარათზე მითითებული იქნება:
მონაწილის პირადი ინფორმაცია;
რეგისტრაციის დრო;
საგამოცდო ცენტრის მისამართი;

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
სარეგისტრაციო ფურცელი;
პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

| Print |
FaceBook Twitter Google