განათლება
სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ
პრემიერ-მინისტრის დადგენილებით სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის უმაღლესში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრა.

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე, დაუფინანსდებათ ერთი სემესტრის გადასახადი. აღნიშნული დაფინანსება ასევე იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვისაცაა, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ სწავლის საფასურის დავალიანება.

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად. გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.


| Print |
FaceBook Twitter Google