განათლება
წელს სკოლები ელექტრონული ჟურნალის წარმოებას დაიწყებენ
2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ელექტრონული ჟურნალის წარმოებას დაიწყებენ.
ამის შესახებ ცვლილება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში შევიდა.
„ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი)”, – ნათქვამია ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, როგორც  ირკვევა, მომდევნო სასწავლო წლიდან სასკოლო ჟურნალის წარმოება სრულად გაუქმდება და მას ელექტრონული ჟურნალი ჩაანაცვლებს.
“2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჟურნალი / სკოლა /