განათლება
იორმუღანლოსა და ლამბალოს სკოლები კორონავირუსის გამო ონლაინსწავლებაზე გადავლენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.

როგორც ლამბალოს სკოლის დირექტორი, დავით როსტომაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ამ ფორმით ისინი მინიმუმ 2 კვირა ისწავლიან.

„ხვალ მივიღებთ სამინისტროსგან დამატებით მითითებას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ვირუსი სამ პედაგოგს დაუდასტურდა. კარგია ის, რომ ისინი მეორე ცვლის მასწავლებლები არიან, სადაც შედარებით ნაკლები ბავშვი სწავლობს.“

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ცუცქირიძის თქმით, ვირუსი რამდენიმე მასწავლებელს აღმოაჩნდა, რომელთა კონტაქტებიც დაუდასტურებელია.

„ის მასწავლებლები, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, ლამბალოს სკოლაშიც ასწავლიან და იორმუღანლოშიც. შესაბამისად, კონტაქტები ორივეგან არის. ამიტომ ორივე სკოლას გადავიყვანთ ონლაინ რეჟიმზე. მართალია, ვისური მხოლოდ მასწავლებლებს დაუდასტურდათ, მაგრამ ისინი მაგ პერიოდში გაკვეთილებზე იმყოფებოდნენ და ამიტომ ვშიშობთ. ამ ეტაპზე მასიური ტესტირება არ ხდება, თუ ვინმეს გამოაჩნდება სიმპტომი, რა თქმა უნდა, მოხდება მათი დატესტვა.“

ცნობისთვის, ლამბალოს სკოლაში 1256 მოსწავლეა, ხოლო იორმუღანლოს საჯარო სკოლაში - 1526.


როგორც მანანა ცუცქირიძე speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ლამბალოსა და იორმღანლოს გარდა, ონლაინ რეჟიმზე სწავლა კიდევ 5 სკოლაში მიმდინარეობს. ესენია: მანავის, თოხლიაურის, პატარძეულის, წყაროსთავისა და უჯარმის საჯარო სკოლები.

| Print |
FaceBook Twitter Google