განათლება
გასული კვირის განმავლობაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა - განათლების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.

კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.

„სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ. მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google