განათლება
რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე
2021 წლის საგამოცდო პროცესი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები. მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

• მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
• მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
• დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.

ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.

გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

| Print |
FaceBook Twitter Google