განათლება
სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

“ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

| Print |
FaceBook Twitter Google