განათლება
გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა იწყება
გურჯაანში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე, გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა იწყება. კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთობლივ პროექტებს ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან ერთად განახორციელებს.

პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, ამჟამად ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
„ტერიტორიაზე არის ძველი ნაგებობები, რომელიც უნდა დაიშალოს. ამის შემდეგ დაიწყება მიწის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს პროექტირება. ჩემი ვარაუდით, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ალბათ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება. ამის პარალელურად, ბასკეთის კულინარიის ცენტრთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტი შეიმუშავებს ერთობლივ პროგრამებს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა მომავალი გასტრონომიული აკადემიის სტრატეგიაზე, კონცეფციაზე, იმ სამომავლო და სამოქმედო გეგმაზე, რაც უნდა დაისახოს ამ ახალმა ინსტიტუციამ. სასწავლებელში გაიცემა სერტიფიკატები და დიპლომები, რომლებიც ასევე აღიარებული იქნება ევროპასა და საზღვარგარეთ. მსგავსი აკადემია საქართველოში არ არის. უფრო მეტიც, ბასკეთის კულინარიის აკადემიასაც არ აქვს მსგავსი სასწავლებლები ევროპის ტერიტორიაზე. აქამდე, ბევრი ქვეყანა ეცადა მათ დარწმუნებას, მაგრამ კავკასიის უნივერსიტეტი პირველი აღმოჩნდა, რომელსაც ეს ამბავი გამოუვიდა, “ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში თამარ ქიტიაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ქართველი ახალგაზრდებისა, ცენტრი საერთაშორისო დონის სტუდენტებისთვისაც იქნება გათვლილი. ჯამში იგეგმება 500 სტუდენტის მიღება, თუმცა, პირველ ეტაპზე უფრო მცირე რაოდენობაზე იქნება გათვლილი. თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, აკადემიაში სწავლა ასაკზე იმდენად არ იქნება დამოკიდებული, როგორც განათლების დონეზე. ჯერ პროგრამები იწერება, მერე მისი სირთულის და დონის მიხედვით განისაზღვრება ამ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა.
აქ სტუდენტები შეისწავლიან არამხოლოდ კულინარიას, არამედ სხვა მომიჯნავე პროფესიებსაც.

„აკადემიაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ასევე შეისწავლონ პროდუქტის გადამუშავება, კონდიტერია, ღვინის წარმოება და აშ. წინასწარ რთულია ამის თქმა, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს შესაბამისი ვაუჩერით. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვიდან გამომდინარე, ზოგიერთ პროგრამაზე, შესაძლოა, სტუდენტის მხრიდან თანადაფინანსება გახდეს საჭირო. “

ხუთსართულიან შენობაში ერთი სართული პანსიონისთვის იქნება გათვლილი, სადაც სტუდენტებს დარჩენის შესაძლებლობა მიეცემათ. პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს.

პროექტირება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა როგორც თამარ ქიტიაშვილი გვეუბნება, მშენებლობას მინიმუმ 5 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. მისივე თქმით, სახელმწიფო მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უზრუნველყოფს და შემდგომ სარგებლობაში გადასცემს კავკასიის უნივერსიტეტს, რომელიც ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს.

ამავე თემაზე :


| Print |
FaceBook Twitter Google