განათლება
სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, სტუდენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას). საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი.

რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია. მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას). კანდიდატმა შიდა გამოცდის ჩასაბარებლად უნდა მიმართოს სასურველ უმაღლეს სასწავლებელს.

| Print |
FaceBook Twitter Google