განათლება
სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება - განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს მონაცემებით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 97-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

“მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. 1-ლი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google