განათლება
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში პანდემიამდე მასწავლებლების მხოლოდ 27 % იყო გადამზადებული -აუდიტი
პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს, - ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.

„2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს, “ - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს დისტანციური სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართული იყო სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 33 მასწავლებელი − 28 სკოლაში, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს 33 მასწავლებელი − 31 სკოლაში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გარდა იმისა, რომ ზოგიერთ სკოლაში არსებობს კონკრეტულ საგანში მასწავლებლის დეფიციტი, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს.

„2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594 მასწავლებელი) ასწავლიდა მე-7 − მე-12 კლასებში სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს,
მათ შორის, 241 მასწავლებელი − ქ. თბილისის სკოლებში. მაგალითად, რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მეორე − ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს. აღნიშნული წარმოშობს სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს.“ - ვკითხულობთ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) და აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით.




| Print |
FaceBook Twitter Google