განათლება
აუდიტის რეკომენდაციები საგანმანათლებლო სექტორს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფილი იყო საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა.

გამოკვეთილი ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, აუდიტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, ასევე სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

რეკომენდაცია N1:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის, სამინისტრომ უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე, სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი განისაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები.

რეკომენდაცია N2:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას

რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ლიცენზიების შესყიდვა მოხდეს საჭიროების შეფასების საფუძველზე. მასწავლებლების/ადმინისტრაციული პერსონალისა და მოსწავლეების მიხედვით, ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით შემუშავდეს შესყიდული ლიცენზიების გააქტიურების გეგმა/გრაფიკი და შესაბამისად, განხორციელდეს მისი შესრულების უწყვეტი მონიტორინგი.

რეკომენდაცია N3:
სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

რეკომენდაცია N4:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია პროექტ „ტელესკოლის“ აუდიტორიის შესახებ, გაანალიზდეს სტატისტიკური მონაცემები რელევანტური პარამეტრების მიხედვით და შეფასდეს მიზნის მიღწევის მაჩვენებლები. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სრული მოცვა.

რეკომენდაცია N5:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6:
რეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს

ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის კოორდინაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში, როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში სათანადო პირობების უზრუნველყოფით, განხორციელდეს დისტანციური სწავლება.


შეგახსენებთ, რომ აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) და აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით.
| Print |
FaceBook Twitter Google