განათლება
ჭადრაკი სკოლებში - ლობირების თუ დაგეგმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
სამინისტრო გადაწყვტილებას ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით ხსნის, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

"ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან,"-აცხადებენ სამინისტროში.

განათლების საკითხის მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ გადაწვეტილება განათლების სამიისტრომ ნაჩქარევად მიიღო.

„ეს გადაწყვეტიება უფრო ჰგავს რომელიმე ჯგუფის ლობირების შედეგს, რომელიც სკოლებში ჭადრაკის შეტანით არის დაინტერესებული, ვიდრე გრძელვადიან სტრატეგული დაგეგმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.  აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის დეკლარაციას ეყრდნობა. ეს დეკლარაცია რომ ნახოთ, სპორტზეა აქცენტი და ამ შემთხვევაში მათემატიკური ჯგუფის ნაწილად შეაქვთ ჭადრაკი. ფიზიკურ აღზრდას პირველ კლასში 3 საათი ეთმობა და შეეძლოთ ეთქვათ,  სპორტის ნაწილი იქნებაო ჭადრაკი. მაგრამ არა, ცალკე საგნად შეაქვთ. როცა ასე კეთდება რაღაც, ეს ლობირების შედეგი უფროა. უწერიათ, რომ თუ სპციალურად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს სკოლას, მაშინ იქნება სავალდებულო და რას ნიშნავს სპეციალურად მომზადება ჭადრაკის მასწავლებლების, ასეთი რამ ჯერ არ ვიცით. მასწავლებლის პროფესიული სტანდარი არსებობს და ასეთი სტანდარტი ჯერ არ არის ჭადრაკში, შესაბამისად, არ არსებობს მოსამზადებელი პროგრამა. მასწავლებლის სახლს არ აქვს სატრენინგო პროგრამები, უნივერსიტეტები არ აცხადებს მიღებს ჭადრაკის მასწავლებლის პროგრამაზე. ამ შემთხვევაში მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. მაშინ, როცა მთელი რიგი პრობლემებია სისტემაში, რა საჭირო იყო ამ გადაყწვეტილების დაჩქარებლად მიღება. ახალი საგანი რამდენად ეფექტური იქნება, ჯერ ეს უნდა გამოიცადოს.“- განაცხადა მან speqtri.ge-სთან.

განათლების სამინისტროს ამ გადაწყეტილებას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა გამოეხმაურა.

„ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა. რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას …

ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ“.

ჩვენ აზრი სკოლის მოსწავლეებსაც ვკითხეთ. ნიკოლოზ ზირაქაშვილი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ჭადრაკზე ხუთი წელი დადიოდა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია.

-„ძალიან მიყვარს ჭადრაკი. ხუთი წელი დავდიოდი ჭადრაკის სკოლაში, შემდეგ დრო აღარ მქონდა და თავი დავანებე. კარგი იქნება პირველ კლასში სავალდებულო რომ იქნება ჭადრაკის სწავლა, უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება და უფრო მეტად მიაღწევენ წარმატებას,“-ამბობს ნიკოლოზი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშული ცვლილების განხორციელება 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი მასწავლებლებისთვის ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების მიზნით, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს.

| Print |
FaceBook Twitter Google