განათლება
მელაანის საჯარო სკოლის გუნდი „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სასკოლო სერიის გამარჯვებულია
დღეს, 3 აგვისტოს, გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“ 2022 წლის ზაფხულის სეზონის, რიგით მეცხრამეტე სასკოლო სერიის ფინალი გაიმართა.

თამაშის ფინალში ექვსი გუნდი იღებდა მონაწილეობას. სასკოლო სერიის გამარჯვებულია სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გუნდი „ევრიკა Jr“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი გეგა ფრიდონიშვილი დღეს უკვე ზედიზედ მესამედ გახდა „საუკეთესო მოაზროვნის“ ტიტულის მფლობელი.

მეტი სიცხადისთვის, ფინალური თამაშის შედეგები ასეთია:

1. საჯარო სკოლის გუნდი „ევრიკა Jr.” –17 ქულა
2. სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი „ტანკისტები ომამდე" -12 ქულა
3. სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის გუნდი „ეს ვიცოდით“ –11 ქულა (10+1)
4. გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდი „სამეფო კარის ლავაშები“ – 10 ქულა
5. სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი „A priori” – 10 ქულა
6. სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის გუნდი „ბოლოკოსტი“ – 7 ქულა

როგორც შედეგები გვიჩვენებს, მელაანის საჯარო სკოლის გუნდს 12 ქულით მოსდევს სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდი „ტანკისტები ომამდე“.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ერთი დამატებით შეკითხვას პირველებმა სწორად უპასუხეს სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის გუნდის, „ეს ვიცოდით“ წევრებმა და 1 ქულით გადაუსწრეს დანარჩენ ორ თანაბარქულიან გუნდს.

დღევანდელი თამაშის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი და სამგზის „საუკეთესო“ მოაზროვნე გეგა ფრიდონიშვილი SPQTRI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სასკოლო სერია როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზაფხულის სასკოლო სერია იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მიყვარს „რა? სად? როდის?“ თამაში და კიდევ ერთხელ მომეცა ამის საშუალება, ძალიან კარგია. ამდენი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი სასკოლო სერიებში იღებს მონაწილეობას, თუმცა ასე გუნდურად არასოდეს მომიგია. დღეს კი გამიმართლა და ამჯერად გავიმარჯვეთ. ჩვენი გუნდის ახალი, პატარა წევრებისთვის, რომლებიც მეექვსე კლასელები არიან, მეტად მნიშვნელოვანია ეს წარმატება იმიტომ, რომ ეს მათთვის პირველი თამაშია და დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებულები და ბედნიერები არიან.

რაც შეეხება საუკეთესო მოაზროვნეობას, ვუახლოვდები ჩვენი კლუბის რეკორდს და იმედია, რომ ამასაც შევძლებ,“ - გვეუბნება გეგა.

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ახალგაზრდულ ღონისძიებათა კოორდინატორი და თამაშის რედაქტორი პაატა ჩახვაშილი SPEQTRI.GE-სთან საუბარში აჯამებს „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სეზონის სასკოლო სერიას და გვეუბნება, რომ წინ კიდევ ერთი თამაში გველოდება, რომელიც ამჯერად სპორტს მიეძღვნება.

„ზაფხულის, რიგით მეცხრამეტე, სასკოლო სერია დასრულდა. ამ სერიის გამარჯვებული გახდა მელაანის საჯარო სკოლა. მეორე ადგილი დაიკავა ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი დამატებით კითხვაზე ერგო ველისციხის საჯარო სკოლის გუნდს.

ეს სერია ჩატარდა, გარკვეულწილად, მათთვის, ვისთვისაც ბოლო სასკოლო შეჯიბრი იქნებოდა ინტელექტ-კლუბში, „რა? სად? როდის?“, რადგან მათ სულ ცოტახნის წინ დაამთავრეს სკოლა.
ჩვენი ზაფხულის თამაშების სეზონი ამით არ დამთავრებულა. აგვისტოში დაგეგმილია კიდევ ერთი თემატური ერთდღიანი თამაში, რომელიც მიეძღვნება სპორტს.

რაც შეეხება სასკოლო სერიას, იგი გაგრძელდება შემოდგომის ახალი სერიით,“- გვეუბნება პაატა ჩახვაშვილი.
გამარჯვებული გუნდები შესაბამისი სიმბოლური პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. თამაშის მთავარი პრიზი, "ბროლის ბუ" მელაანის საჯარო სკოლის გუნდს ერგო, "ევრიკა Jr"-მა ბროლის ბუსთან ერთად "საუკეთესო მოაზროვნის" ბუც უკვე მესამედ წაიყვანა.








| Print |
FaceBook Twitter Google