განათლება
აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს დაიწყება
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს 8 აგვისტოს 10:00 საათიდან შეეძლებათ. სააპელაციო განაცხადების მიღება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ როგორც ერთი კონკრეტული, ასევე რამდენიმე დავალება.
აღსანიშნავია, რომ წელს აპელაციის საფასური ერთი საგნისთვის შეადგენს 50 ლარს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებთ, აპელაციის საფასური აბიტურიენტმა განაცხადის შევსებამდე უნდა გადაიხადოს. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში კი გამოსაცდელს თანხა უკან დაბრუნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ განაცხადის გაგზავნა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი და გაგზავნის შემდეგ აბიტურიენტი მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გადაგზავნილია და აბიტურიენტს სურს, დაამატოს დავალება ან სხვა საგანი, ხდება განაცხადის წერილობით გაუქმება. ამისთვის აბიტურიენტმა წერილობით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (მის: ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), რის შემდეგაც გამოსაცდელს მიეცემა უფლება, შეიტანოს ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტს, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.


| Print |
FaceBook Twitter Google