განათლება
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, მასწავლებელმა კლასის დამრიგებლის პოზიცია დატოვა
გურჯაანის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე, დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. პედაგოგი, რომელსაც მშობელი მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სასტიკ საყვედურს მიიღებს და კლასის დამრიგებელი აღარ იქნება.

რაც შეეხება მოსწავლის ცემას, როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

"შედგა დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, განხილული იქნა მშობლის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით მხარეებისთვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებები. ოქმი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ პირველადი მონაცემებით, მაქვს ინფორმაცია, რომ მასწავლებელმა დატოვა კლასის დამრიგებლობა. გამოკითხული მოსწავლეებისა და მშობლების ჩამორთმეული ახსნა-განმატების საფუძველზე, მოსწავლის ცემის ფაქტი არ დადასტურდა. თუმცა იმის გამო, რომ მასწავლებელმა დაარღვია პედაგოგის ეთიკით განსაზღვრული მოსწავლის კონფიდენციალურობის დაცვის მუხლები, მასწავლებელს მიეცა სასტიკი საყვედური"-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში დალი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო. ძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google