განათლება
ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
2023-2024 სასწავლი წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  სიახლეები ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტებს შეეხო.
მათივე თქმით, საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც წინა დავალებები ამოწმებდა.

ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც მათი აზრით, უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას.

ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე.

დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

დავალების ნიმუში კი ასეთია:

1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

რაც შეეხება მათემატიკას, 2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14.

ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

 ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება - დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს პირველ დავალებას - წერილს.
 ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა 4.
 გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
 წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.

ცნობისთვის, უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში.



| Print |
FaceBook Twitter Google