განათლება
თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება - UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაწილეობით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მიზნით გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება.
მათივე თქმით, ინიციატივა სავარაუდოდ, ყველა კლასის მოსწავლეს დაფარავს. თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება.

UNICEF-ის განმარტებით პროგრამის დაწყების თარიღი სავარაუდოდ 2024 წლამდე გადაიწევს.

„ამ ეტაპზე შეთანხმებაა, რომ არ მივდივართ პილოტირების გზით და ეს იქნება ერთიანი მიდგომა მთელ საქართველოში. ოღონდ გამომდინარე ფინანსური ჩარჩოდან რამდენ კლასს მოვიცავთ პირველ ეტაპზე, ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ გავქვს. იმის მიხედვით, თითოეულ ბლოკში რა გადაწყვეტილებას იღებ, მთლიანად იცვლება მთელი კონტექსტი.

მენიუს თვალსაზრისით მოვხაზეთ ჩარჩო, ისევ ოთხი სხვადასხვა ტიპის ვერსიებზე ვართ, რომელთა ფინანსური ღირებულება იწყება, 2.5 ლარიდან და ადის 4.5 ლარამდე. შიგნით ვარიაციებში შესაძლებელია გაჩერება 3 - 3,5 ლარზე. საუბარია ლანჩბოქსებზე რადგან ესეც ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია. გადაწყვეტილება მიღებულია რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების უდიდესი ნაწილი არ არის აღჭურვილი სამზარეულოთი, ამიტომ ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.

2023 წლიდან ამის დანერგვა ალბათ განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუმცა აქ დიდი ნაწილია ლოგისტიკაზე დამოკიდებული, რომელსაც დეტალიზებული დალაგება სჭირდება. თუ დღესვე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, როგორ უნდა დალაგდეს, რა მომზადება სჭირდება, მაშინ შესაძლებელია იყოს 2023 წელს, მაგრამ ნებისმიერი დღის დაგვიანება ამას გადაწევს 2024-კენ იმიტომ, რომ მთლიანად ქვეყანას სჭირდება საამისო მზაობა რაც ამ დროისთვის არ არის,“- განაცხადა “საქმიანი დილის“ ეთერში გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თამარ უგულავამ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კვება / სკოლა /