განათლება
სასწავლო პროცესი გურჯაანის ოცდახუთივე სკოლაში განახლდა
დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო პროცესი განახლდა გურჯაანის 25-ვე საჯარო სკოლაში. თუმცა ორი სკოლის მოსწავლეები ალტერნატიულ ფართში ისწავლიან.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, არაშენდისა და ბაკურციხის სკოლებში ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროცესები მიმდინარეობს.

„დღეს, 15 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25-ვე საჯარო სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. ყველა პირველკლასელ მოსწავლეს გადაეცა თავისი კუთვნილი სახელმწიფო საჩუქარი, ბუკი, სახელმძღვანელოები გადაეცა ყველა მოსწავლეს. ორ სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო წელი განახლდა ალტერნეტიულ ფართში. ეს გახლავთ არაშენდის საჯარო სკოლა, რომელიც განთავსდა კაჭრეთის საჯარო სკოლაში, ალტერნატიულ ფართში, ორ ცვლაში ისწავლიან იქ და ბაკურციხის საჯარო სკოლა, რომელიც განთავსდა ბაკურციხის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომისმოყვარეობის სახლის კომფორტულ, ყველა პირობით უზრუნველყოფილ შენობაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაიწყო და 16 თვის განმავლობაში გაგრძელდება. არაშენდის სკოლის მოსწავლეებსა და პერსონალს მოემსახურება ტრანსპორტი, რომელიც აქამდეც ემსახურებოდა ქოდალო-დარჩეთის ზონაში მცხოვრებ ბავშვებს,“ - ამბობს დალი მინდიაშვილი.

მისივე თქმით, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სწავლა 600-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google