პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
საქართველოს მთავრობის
ინფორმაციით:
500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს
600 ლარით - 8000-მდე მასწავლებელს
700 ლარით - 5000-მდე მასწავლებელს
800 ლარით - 3000-მდე მასწავლებელს
დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე
ეზრდება.
“როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი
რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი.
პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის
დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული
ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად
გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც ისაუბრა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა განათლების ხარისხის
გასაუმჯობესებლად.
„დღეს საჯარო სკოლებში, სისტემაში გვყავს 52 000-მდე მასწავლებელი.
გახსოვთ ჩვენი დაპირება, რომ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ყველა
საჯარო სკოლის სტატუსიან და სპეცმასწავლებელს ხელფასების უპრეცედენტო
ზრდა ექნებოდა. ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, ბევრი
ვიმუშავეთ ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებაზე. პრაქტიკულად,
ყველა საკანონმდებლო ცვლილება ამისთვის უკვე მომზადებულია, რათა
პირველი ივლისიდან, მაშინაც კი, როცა ჩვენი პედაგოგები შვებულებაში
იმყოფებიან, განახლებული ფორმულით აიღონ ხელფასები.
ზრდა შეეხებათ შემდეგი პროპორციებით:
37 000 მასწავლებელს ხელფასის ზრდა ექნება, სულ მცირე, 500 ლარით და
მეტით. ეს ეხება საჯარო სკოლების სტატუსიან მასწავლებლებს და
სპეცმასწავლებლებს. ამ 37 000-ში ხელფასების ზრდა ასევე იქნება 600,
700 და 800 ლარით. ჯამში, ასეთი კატეგორიის მასწავლებლები, რომლებსაც,
სულ მცირე, 500 ლარით და მეტით მოემატებათ ხელფასი, არის 37 000,
რომელიც მასწავლებელთა კორპუსის 70 პროცენტია; 25 პროცენტამდე
მასწავლებლებს ხელფასების ზრდა ექნებათ 300-დან 400 ლარამდე, ხოლო
აბსოლუტურად ყველა პედაგოგს, ყველას, არცერთის გამოკლებით, ხელფასი
მოემატება და ზრდა იქნება, სულ მცირე, 200 ლარით. ასეთი კატეგორიის
მასწავლებლები დაახლოებით ხუთ პროცენტს შეადგენს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია განათლების ხარისხის
გასაუმჯობესებლად. მსგავსი აღიარება, ნდობის გამოცხადება ღირსეული
პედაგოგებისთვის ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსენდება. ამიტომ,
ვულოცავ მთლიანად სასკოლო საზოგადოებას და თითოეულ მასწავლებელს ამ
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ნამდვილად დაიმსახურეს “,
– განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მასალის გამოყენების პირობები