ჯანდაცვა
AH3 და B ტიპის ვირუსის 198 შემთხვევა გურჯაანში
ზამთრის დადგომასთან ერთად, მატულობს სეზონური ვირუსისა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. უმრავლესობას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია AH3 და B ტიპის ვირუსი.
„სეზონურ გრიპზე ზედამხედველობას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ამბულატორიული დაწესებულებებიდან ჩვენ ვიღებთ ყოველკვირეულ ინფორმაციას, პაციენტთა მიმართვიანობის შესახებ. ინფორმაცია ადგილზე მუშავდება და შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა. ამის საფუძველზე ქვეყნის ეპიდსიტუაცია ფასდება და მოდის რეკომენდაციები. ამჟამად ორი ტიპის - AH3 და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს გარემოში. სავარაუდოდ, სანამ სეზონი დასრულდება, შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა ქვესახეობებმა, რომლებიც განსაკუთრებით ავადობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა,“-აღნიშნა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვირუსების სიმპტომები იგივეა, როგორც სეზონური გრიპის.
„ იწყება უეცარი შეციებით, მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით, ხველებით, ოფლიანობით, საერთო სისუსტით, ღებინებით და კუჭნაწლავის აშლილობით. გურჯაანის მუნიციპალიტეტში გასულ კვირას 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. სახელმწიფო პროგრამით უფასოდ შემოტანილია ვაქცინა 2016 -2017 წლისთვის, რომელიც გამიზნულია მხოლოდ და მხოლოდ რისკ ჯგუფებზე. ესენი არიან ექიმები, 18 წლამდე ასაკის მოზარდები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები და დიალეზზე მყოფები. რისკ ჯგუფში შედის კიდევ მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ხალხიც.
ჩვენს რაიონში 200 დოზა ვაქცინა გაიხარჯა. კახეთი-იონში დიალეზზე მყოფი 95 პაციენტი აიცრა, ამას გარდა არსებობს ფასიანი ვაქცინები, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიკეთოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, ნაკლებ ეფექტური იქნება. გრიპი ზოგადად საშიში არ არის, მისი გართულებაა საშიში.“

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვის მიზნით დაავადებათა ცენტრმა გარკვეული რეკომენდაციები გამოსცა. სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებს რეკომენდაცია ეძლევათ არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე ბავშვები საგაკვეთილო პროცესზე. უნდა იყოს მოწყობილი სველი წერტილები და აქტუალურად განხორციელდეს ხელების ჰიგიენა.

| Print |
FaceBook Twitter Google