ჯანდაცვა
კახეთი-იონში C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე შესაძლებელია
C ჰეპატიტის ვირუსზე გამოკვლევის ჩატარება კახეთის მოსახლეობას ამჯერად უკვე ფრანგულ-ქართულ ცენტრ „კახეთი -იონში“ შეუძლია.
აქამდე C ჰეპატიტზე მკურნალობა მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი.


პროგრამის კოორდინატორის კახეთის მასშტაბით, სოფიკო ზირაქაშვილის თქმით, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით კლინიკაშივე გაივლის მკურნალობას.
„ერთი თვეა, რაც ფუნქციონირება დავიწყეთ. ამჟამად დაახლოებით 11 პაციენტი გვყავს პრერეგისტრირებული. მათ შორის არიან ახლებიც და ისინიც, რომლებსაც გამოკვლევა სხვაგან აქვთ ჩატარებული, მაგრამ მკურნალობისთვის ჩვენი კლინიკა აირჩიეს. შესაბამისად, მედიკამენტების გაცემაც აქ მოხდება. იქიდან გამომდინარე, რომ არ იყოს რიგები და პაციენტებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას, იმუშავებს ჩაწერის სიტემა. ის ბენეფიციარი, რომელიც ამჟამად მკურნალობის პროცესს სხვაგან გადის, ჩვენთან ვერ გადმოვა. რაც შეეხება მათ, რომლებმაც მკურნალობის ერთი კურსი დაასრულეს, მათ საკითხს შესაბამისი კომისია განიხილავს.“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კახეთი-იონში ყოველ შაბათს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტაროს.
„ყოველ შაბათს ათი საათიდან 3 საათამდე სწრაფმარტივი ტესტით მოხდება დაინტერესებული მოქალაქეების გამოკვლევა. თუ ვინმეს დაუდასტურდება ვირუსი, მას დავაკვალიანებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს. გამოსაკვლევად არ დასჭირდება თბილისში წასვლა, რადგან რაც საჭიროა, ყველანაირ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. სახელმწიფო უმწეოებს 70%-ით აფინანსებს, ხოლო საყოველთაო პაკეტით დაზღვეულებს 30%-ით, შემდგომში მედიკამენტური მკურნალობა უფასოა. ჩვენ ასევე შეგვიძლია პაციენტებზე გავცეთ კალკულაცია, რომელსაც წარადგენენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში და დაფინანსების შემთხვევაში შეღავათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.“
სოფიკო ზირაქაშვილის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი „კახეთი-იონში“ 2020 წლამდე გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google