ჯანდაცვა
რამდენად ხელმისაწვდომია იორმუღანლოს თემისთვის ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა
მიმდინარე წლის მონაცემებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ტუბერკულოზით დაავადებული 27 პაციენტია. აქედან ათი იორმუღანლოს თემიდანაა. როგორც ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა ჯანჯღავა განმარტავს, მათგან სამს გადამდები ფორმა აქვს. საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტებით უფასოა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში განკურნებადია.

კახეთის რეგიონში შვიდი ტუბ. კაბინეტია, მათ შორის ერთ-ერთი საგარეჯოში. თუმცა გარკვეულ პრობლემას ქმნის ენობრივი ბარიერი, რის გამოც ფტიზიატრებს იორმუღანლოს თემის მოსახლეობასთან ურთიერთობა უჭირთ.
"იორმუღანლო განსაკუთრებული რეგიონია, აქ ცოტა სხვანაირი მდგომარეობაა. ენობრივი ბარიერის პრობლემა არამარტო პაციენტებთან, არამედ იმ მედდებთანაც გვაქვს, რომლებიც დაავადებულებს ემსახურებიან. მარტო დიაგნოზის დასმა არ არის საკმარისი, მთავარია, მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. თუ წლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს." - ამბობს მარინა ჯანჯღავა.

61 წლის კამბარ ფაშაევი სოფელ მუღანლოს მკვიდრია. როგორც თვითონ გვიყვება, ინფექციური დაავადების მატარებელი არასდროს ყოფილა, მაგრამ ტუბერკულოზის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, დაავადებას საწყის სტადიაში რა სიმპტომები ახასიათებს ან კონსულტაციისთვის ვის შეიძლება, რომ მიმართოს.
-"ვიცი, რომ ეს დაავადება ჰაერით გადადის. თუ ვინმეს ტუბერკულოზი აღმოაჩნდება, მისი ჭიქიდან წყალი არ უნდა დავლიო და მასთან ურთიერთობას უნდა მოვერიდო. მე რომ მქონდეს ეს დაავადება, არავის გავუმხელ, მაგრამ გავფრთხილდები, რომ სხვასაც არ გადავდო. ჩვენს სოფელში არავინ მოსულა და უთქვამს, თუ აღმოგვაჩნდა, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ვის მივმართოთ. თუ მეტი ინფორმაცია მექნება, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ. არც ის ვიცი რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო და რა ღირს."

საქართველოში 2016 წლიდან გადამდებ დაავადებებზე, მათ შორის ტუბერკულოზზე, დაიწყო ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. ექიმ ფტიზიატრებს რეგულარულად უტარდებათ შესაბამისი სემინარები. როგორც მარინა ჯანჯღავა ამბობს, წელიწადში ორჯერ მასაც უწევს რეგიონებში ჩასვლა და დაავადებულ პაციენტებთან შეხვედრა. გარდა ამისა, პარალელურად, ბენეფიციარის ოჯახის წევრების გამოკვლევაც ხდება, იმიტომ, რომ დაავადება რაც შეიძლება, ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ.

-"სახელმწიფო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, მათ შორის, საგარეჯოშიც. კახეთის კოორდინატორი ვალდებულია გლობალური ფონდის გრანტის ფარგლებში, რომელიც 2003 წელს დაიწყო, კვარტალში ერთხელ ჩაატაროს მონიტორინგი. ამ მომენტისთვის იორმუღანლოში ერთი რეზისტენტული (ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მდგრადობა) პაციენტი გვყავს, რომლის მკურნალობა განსხვავებული და მეტად ხანგრძლივია. მან საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, მინიმუმ 20 თვე მაინც უნდა იმკურნალოს."

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულია 3000-მდე პაციენტი, მათ შორის დაახლოებით 1800 ახალი ფორმაა - დანარჩენი ნამკურნალებია. აქედან 400-დან 500-მდე რეზისტენტული ფორმაა, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. აქვე განმარტავენ, რომ სენსიტიურ ტუბერკულოზში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე რეზისტენტულში.
"ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი წელიწადია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მეორე რიგის მედიკამენტები, რომლებიც ადრე საქართველოში არ იყო. ამჯერად, ყველა პაციენტს, რომელსაც ექნება ნებისმიერი ფორმა, ორი სახის მედიკამენტი მიეცემა უფასოდ. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ბენეფიციარის მკურნალობა 10-12 ათასი ევრო ჯდება."

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტუბ. კაბინეტის ექიმი-ფტიზიატრის მარინა ბორაშვილის თქმით, საეჭვო პაციენტებს, ხშირ შემთხვევაში მათთან უბნის ექიმი აგზავნის, თუმცა ზოგიერთი თავისი ინიციატივითაც აკითხავს. ადგილზე მისულ პირს უკეთდება ნახველის და სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენი. დაავადების დადასტურების შემთხვევაში ხდება მისი აღრიცხვაზე აყვანა. იორმუღანლოს თემში პაციენტები მკურნალობას ძირითადად სახლის პირობებში გადიან. რაიონის მასშტაბით გასულ წელს მათთან გამოკვლევა 45-მა ადამიანმა ჩაიტარა.

- "ტუბერკულოზზე გამოკვლევა და მკურნალობაც უფასოა. ზოგი პირდაპირ თბილისში მიდის, ხუდადოვის კლინიკაში. შემდეგ ჩვენთან წარადგენს ფორმა ასს და აქ ვმკურნალობთ. იორმუღანლოს თემის მედდებთან პრობლემად რჩება ენობრივი ბარიერი, ამიტომ ძალიან გვიჭირს ურთიერთობა. თარჯიმნების საშუალებით მაქსიმალურად ვცდილობთ შესაბამისი რჩევები მივცეთ. ადგილზე წამლები ჩვენს კოორდინატორს მიაქვს. პარალელურად, მეც ჩავდივარ და აღრიცხვაზე აყვანილ პაციენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებ. ამ წუთას თემში არ გვყავს ისეთი მძიმე ავადმყოფი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება."

იმ შემთხვევაში, თუ პაციანტი უარს იტყვის წამლის მიღებაზე, ეპიდემიოლოგი არწმუნებს მკურნალობის კურსი გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი თვის შემდეგ აღრიცხვიდან მოიხსნება. თუმცა, როგორც მარინა ბორაშვილი ამბობს, იორმუღანლოში ასეთი ფაქტები არ დაფიქსირებულა.

იორმუღანლოს პოლიკლინიკის მენეჯერის ბაშირ მახმუდოვის განმარტებით, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის მათ თემში სათანადო პირობებია. უბნების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი ოჯახის ექიმია. წამალიც ამის შესაბამისად ნაწილდება, რომელიც ექთნებს პაციენტთან სახლში მიაქვთ.
- "ჩვენი ვალდებულებაა, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტი გამოკვლევაზე გავაგზავნოთ საგარეჯოში. მათ ახალი პრეპარატებით ვმკურნალობთ და უკმაყოფილო არავინაა. დაავადებულს ვუხსნით როგორ უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები, რომ სხვაც არ დააინფიციროს."

თუ პიროვნებას ახასიათებს ხველა, ოფლიანობა, დაბალი სიცხე, სისხლიანი ნახველი, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ტუბ.კაბინეტს, რომელიც საგარეჯოში კახეთის გზატკეცილზე 13 ნომერში (პოლიკლინიკის ბაზაზე) მდებარეობს. აქ პაციენტებს ექიმი ფტიზიატრი 10-დან 17 საათამდე მოემსახურება.

რა არის ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კოკის ჩხირი იწვევს. ტუბერკულოზი უმეტესად აზიანებს ფილტვებს, თუმცა შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი სხვა ორგანო. მაგალითად, თირკმელები, სასქესო ორგანოები, ძვლები, სახსრები, ცენტრალური ნერვული სისტემა ან ლიმფური კვანძები და განვითარდეს ფილტვგარეშე ტუბერკულოზი. ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს.

ყველაზე მეტად ტუბერკულოზის შემთხვევები მომატებულია იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური ფონი შედარებით მძიმეა. დაავადებას ახასიათებს სუსტი და შემპარავი ხველა. დაბალი სიცხე, ოფლიანობა - განსაკუთრებით ღამით, ნახველში სისხლი, გვერდში ჭვალი. დაავადების პირველი გადამდები ფაქტორი დახურული სივრცეა, სწორედ ამის გამო ხშირია ოჯახური ტუბერკულოზის შემთხვევები. პაციენტი ჰაერში მიკობაქტერიებს ლაპარაკით, ცემინებით და ხველებით გამოყოფს. იგივე ჰაერს რომ ჩაისუნთქვას მეორე ადამიანი, ისიც ინფიცირდება. თუმცა ამას ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება. თუ ავადმყოფი სახლში მკურნალობს, აუცილებელია ცალკე მოვათავსოთ და ოთახი ხშირად გავანიავოთ. დაავადება არ გადადის ჭიქით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ის გადადის მხოლოდ და მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში ტუბერკულოზით 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება, წლის განმავლობაში 2-3 მილიონი კვდება, ხოლო ყოველი მესამე - ინფიცირებულია.

მარინა ბეროშვილი
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია




| Print |
FaceBook Twitter Google