ჯანდაცვა
რა ცვლილებები განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა პირველად მოხდება.
“2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე პირი ( 496 061 ). თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამათუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა ( მაგალითად: დაკარგეს სამსახური და ა.შ ) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაოს და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.“- განმარტა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი. მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1-ელი ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი. მინისტრის თქმით, ყველა ეს ცვლილება მიმართულია ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის.

ის რომ 120 000- ადამიანი ფაქტობრივად საყოველთაო დაზღვევის გარეშე იყო დარჩენილი, ამაზე speqtri.ge-მ მასალა გასული წლის ივნისში მოამზადა. ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე ამბობდა, რომ ვითარება გადაიხედებოდა და ახალ რეალობას მოერგებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google