ჯანდაცვა
კითხვები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე - ინტერვიუ მინისტრის მრჩეველთან
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელიც 2017 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, საზოგადოებაში ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია.
რის მიხედვით განისაზღვრა სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტი, რა პერიოდულობით ხდება გადამოწმება და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი სამსახური დავკარგეთ და შემოსავლის გარეშე დავრჩით? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც speqtri.ge-ს რესპონდენტებმა მიმართეს.

აღნიშნულ საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს სადაზღვევო საკითხებში ლაშა ნიკოლაძეს ვესაუბრეთ. როგორც ის ამბობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

-„აღნიშნული ცვლილებით, გაჩნდა ახალი კატეგორიები, რომელიც შემოსავალზე დამოკიდებულებას უკვე მკვეთრად გამოხატავს. იქ, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა, მეტად ვეხმარებით, ვისაც ნაკლებად ესაჭიროება ეს, შედარებით შეიზღუდა სერვისები. შემოსავლის მქონე ადამიანებს აქვთ საშუალება იყიდონ კერძო დაზღვევა. ან თუ არ შეიძენენ მას, დარჩნენ იმ დახმარების ამარა, რასაც სახელმწიფო აღმოუჩენს შეზღუდული პირობებით. არის კატეგორიები, რომლებიც შეუზღუდავად ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვით. ასეთი კატეგორია გახლავთ 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები. თქვენ იცით, რომ აქამდე, 0-დან 6 წლამდე კატეგორია ისედაც დაფარული იყო.“
ლაშა ნიკოლაძის ინფორმაციით, თუ მოქალაქეს 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, ამბულატორიული მომსახურება აღარ უფინანსდება.
„ამ შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის აღნიშნული მომსახურების შეძენა სრულად ხელმისაწვდომია. ამბულატორიული მომსახურებისგან განსხვავებით, მათ სახელმწიფო სტაციონარულ მომახურებას 90%-ით უფინანსებთ. გეგმიური სტაციონარის შემთხვევაში, ფინანსდება 1000 ლარზე მეტი დანახარჯი. მაგალითად, გლანდების ოპერაცია ვინაიდან მცირე თანხიანია, აღარ ფინანსდება. მათ აქვთ ალტერნატივა, ან ჯიბიდან დაიფინანსონ, ან წავიდნენ და კერძო სადაზღვეო პაკეტი იყიდონ.“

მინისტრის მრჩეველის თქმით, მკაცრი შეზღუდვებია 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

-" ამ კატეგორიას მხოლოდ მშობიარობის დაფინანსება შეეთავაზებათ საყოველთაო ჯანდაცვიდან, რადგან ორსულობა არ გახლავთ დაავადება. ცვლილება არ შეეხო ოჯახობრივ მეურნეობებს, არამედ კონკრეტულ იმ სუბიექტს რომელსაც შემოსავალი უფიქსირდება. ასეთ შემოსავლებს ყოველთვიურად ფილტრავს შემოსავლების სამსახური და დადგენილი წესით უგზავნის სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დეპარტამენტს, ამის მიხედვით ხდება ბენეფიციარზე სერვისების ორიენტირება. მინდა აღვნიშნო, რომ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, მათთვის საყოველთაო ჯანდაცვა სულ ოდნავ შეიზღუდა. ასეთ მოქალაქეებს არჩევანი აქვთ, თუ ისინი შეიძენენ კერძო დაზღვევას, მხოლოდ გეგმიურ სერვისებზე უწყდებათ წვდომა, დანარჩენი ყველაფერი უნარჩუნდებათ, ონკოლოგია სრულად, ასევე ქიმიოთერაპია და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ხანდახან სვამენ ხოლმე კითხვას, ასეთი დიფერენცირებით მიღებული ეკონომია, სად უნდა დახარჯოს სახელმწიფომ? ამით არ ხდება ეკონომია, არამედ თანხების გადალაგება.“

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურმა 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში შემოსავლები ბოლო თორმეტი თვის მდგომარეობით დაითვალა, 1000 ლარის შემთხვევაში კი - ბოლო სამი თვის მონაცემით.

-"სამსახურის დაკარგვა არ ნიშნავს ავტომატურად მიზნობრივ ჯგუფში გადასვლას. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს 5000 ლარიანი სამსახური, მაგრამ ერთი თვით დაკარგვა არ მოგცემთ იმ შედეგს რომ მაგალითად, 1000 ლარზე ქვევით კატეგორიაში მოხვდეთ. შემდეგი თვეები უკვე იმოქმედებს, მაგრამ ერთი თვე არა. თქვენ არ მოგიწევთ, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ეს ფაქტი ვინმეს აცნობოთ, რადგან შემოსავლების სამსახური ამ მონაცემებს ყოველთვიურად ამოწმებს და როგორც უკვე აღვნიშნე, შესაბამის სტრუქტურას უგზავნის.“

თუ მოქალაქემ არ იცის ზემოთ აღნიშნულ რომელ კატეგორიაში იმყოფება, შეუძლია დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05, ასევე გაარკვიოს კლინიკაში, ან სოციალური მომსახურების სააგენტოში.
თუკი ადამიანი არ სარგებლობდა საყოველთაო დაზღვევით და დაკარგა კერძო დაზღვევაც, ის ექვსი თვის განმავლობაში მინიმალური პაკეტით ისარგებლებს, ხოლო ამის შემედეგ ერთ-ერთ კატეგორიაში ჩაერთვება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ცვლილებებით უფრო მეტად მიზნობრივი გახდა დახმარება, რასაც სახელმწიფო დაზღვევის კუთხით მოქალაქეებს სთავაზობს.

აქვე გაგაცნობთ დიფერენცირებული პაკეტების პირობებს:

სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ და შშმ პირებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ.

დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ შეეზღუდათ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ. კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება. ასევე უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების ( ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია ) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. მათ უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ, თუმცა პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს შეუნარჩუნდა მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
| Print |
FaceBook Twitter Google