ჯანდაცვა
ვირუსის მეორე პიკს თებერვალში ელოდებიან - ექიმები ვაქცინაციას გვირჩევენ
გრიპის პრევენციის მიზნით მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ აცრები ჩაიტარონ. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, საქართველოში ორი სახეობის ვაქცინაა გაყიდვაში.


„ორი ვაქცინაა: ინფლიუვაკი და ვაქსიგრიპი. წინა წლებში გვქონდა იფლიუვაკი, შარშან და წელს კი ვაქსიგრიპი შემოვიტანეთ. ვაქსიგრიპი A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა . ის აგრეთვე შეიცავს B ტიპის საწინააღმდეგო ორ კომპონენტს. ჩვენთან უფასოდ გაიცემა გარკვეული რისკჯგუფებისთვის: ორსულებისთვის, მედპერსონალისთვის, თვრამეტ წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული მოზარდებისთვის, დიალეზზე მყოფი და c ჰეპატიტით დაავადებულები პაციენტებისთვის. ვაქცინა მოქმედებას გაკეთებისთანავე იწყებს და იმუნიტეტი ორი კვირის განმავლობაში ყალიბდება.“


ნონა შანიძის თქმით, ვაქცინაცია დაგვიანებული არ არის, რადგან როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება, მეორე პიკს თებერვალში ელოდებიან.
„თუ ადამიანი დაავადებულია ქრონიკულად, არის ორსული ან მელოგინე, მისთვის აცრა აუცილებელია. როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ლეტალური შემთხვევები სწორედ ასეთ ჯგუფებში ფიქსირდება. ორივე ვაქცინა რეცეპტის გარეშე ჩვეულებრივ იყიდება სააფთიაქო ქსელში. აცრისთვის ექიმის კონსულტაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, სასურველია ვაქცინაცია კვალიფიცირებულმა ექიმმა ან ექთანმა ჩაატაროს, რადგან კეთდება მხრის შუა მესამედში. “


მისივე თქმით, ვაქცინის გაკეთება არ არის სასურველი მათთვის ვისაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გააჩნია კვერცხზე მკვეთრად გამოხატული ალერგია და აგრეთვე მათზე, ვისაც რაიმე სახის მწვავე დაავადება აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google