ჯანდაცვა
ვისთვის არის სავალდებულო წითელას საწინააღმდეგო აცრა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულების მიხედვით, რომელიც წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება, ვაქცინაციას 0-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად იმუნიზირებული ბავშვები ექვემდებარებიან.


გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმ პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის თქმით, წითელას ვაქცინაცია გეგმიურად 1-დან 5 წლის ასაკში ტარდება, ხოლო 19 წლის ზემოთ, დადგენილების მიხედვით, უკვე ყველა პიროვნება იცრება.
„წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა სამედიცინო პერსონალისთვის და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის. ასევე, სავალდებულოა აცრა ჩაიტარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში მომუშავე პირებმა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებელში დასაქმებულებმა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უნდა ითანამშრომლონ უბნის ექიმებთან. ბავშვების მიერ წარმოდგენილ ფორმა ასში აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს აცრის სტატუსი, საეჭვო შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ერთჯერადი დოზით ვაქცინაცია.“


ეკა ბურდიაშვილის თქმით, განკარგულების მიხედვით, სავალდებულო გახდა ბაღის და სკოლის პედაგოგების ვაქცინაციაც.
„ ამ პროცესს აკონტროლებს ბაღების გაერთიანება და რესურსცენტრი. მათ გადავუგზავნეთ განკარგულება. გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ მენეჯერებთან და დირექტორებთან, აუხსნეს, რომ აუცილებელია მარტის ბოლომდე ჩატარდეს ვაქცინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მათ ბენეფიციარად იგულისხმება როგორც ბავშვი, ასევე პედაგოგი. იმ შემთხვევაში თუ არ დაექვემდებარებიან მთავრობის განკარგულებას, მათ შეუჩერდებათ სტატუსი.“


ექიმი პროფილაქტიკოსის თქმით, გარკვეული რისკჯგუფების გარდა, აცრა სრულიად უსაფრთხოა.
„წითელას ვაქცინაზე არ იცრებიან: ორსულები, ანტირაბიული იმუნოგლობულინით აცრილი ბენეფიციარები, რომლებიც აიცრნენ ბოლო ექვსი თვის მანძილზე და ისინი, ვისაც კვერცხის ცილაზე აქვს ალერგია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას კამპანიის ფარგლებში სოფლების მიხედვით რამდენი ბენეფიციარი აიცრა. ანგარიშვალდებულება გვაქვს ადგილობრივ მერიასთან, სადაც შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. მათ უნდა მივაწოდოთ ყოველდღიური მონაცემები. თუ წითელას შემთხვევები მოიმატებს და სიტუაცია უკონტროლო გახდება, ჯგუფი შეიკრიბება და დაისახება სამომავალო გეგმა.“

ეკა ბურდიაშვილის თქმით, დღეისათვის წითელას კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 800-მდე ბენეფიციარია აცრილი. სეზონზე კი სულ ათი შემთხვევა დაფიქსირდა.




| Print |
FaceBook Twitter Google