ჯანდაცვა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში სიახლეა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა.


გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ.
ეს აფთიაქებია: „PSP“ ; “ავერსი“;  „ჯიპისი“; „ფარმადეპო“; „სახალხო აფთიაქი“

უწყების ინფორმაციით, ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.
პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:
•გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
•შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
•ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
•ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
•ეპილეფსია;
•პარკინსონის დაავადება.

პროგრამის მოსარგეებლეები არიან:
• სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
• საპენსიო ასაკის მოქალაქეები
• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
• პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
• ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.





| Print |
FaceBook Twitter Google