ჯანდაცვა
კახეთში ჯანდაცვის საპილოტე პროგრამა იწყება
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამის შესახებ ტრენინგები დღეს დაიწყება.
„ინტეგრირებული პროექტი საქართველოში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. პროგრამა ჯერ სამეგრელო სვანეთის რეგიონში, შემდეგ კი აჭარაში გავრცელდა. ეს არის ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში, გლობალ ფონდის თანამშრომლობა. სწორედ ამ ფონდის დაფინანსებით ჩატარდება ტრენინგები კახეთში ყველა სოფლის ექიმისთვის. სახარჯი მასალებით და ტესტებით მათ უზრუნველყოფს ცენტრალური ხელისუფლება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება. ექიმები დადებითად არიან განწყობილი. ტრენინგების დასრულების მეორე დღიდანვე მედიკოსებს უკვე შეუძლიათ ჩაუტარონ პაციენტებს გამოკვლევა. ჯერ ვიწყებთ დედოფლისწყაროდან და შემდეგ სხვა რეგიონებშიც გადავალთ. ეს არის აქტიური სკრინინგი, რომელსაც კარდაკარის პრინციპით ვახორციელებთ.“

მისივე თქმით, პროექტში თანადაფინანსებით ერთვება ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც გურჯაანის მერიაში განაცხადეს, ამისთვის ბიუჯეტიდან 23 ათას 677 ლარია გამოყოფილი, რომელიც ჯანდაცვის სამსახურს კონკრეტული ღონისძიებების ჩასატარებლად გადაეცა.





| Print |
FaceBook Twitter Google