ჯანდაცვა
სამი დაავადება ერთი პაციენტი - ტრენინგები ოჯახის ექიმებისთვის
სკრინინგს C -ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე პირველადი ჯანდაცვის ექიმები ამბულატორიებში განახორციელებენ. დღეს, ოჯახის ექიმებისთვის გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინტეგერირებული სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.



ტრენინგის მიზანი იყო ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა დროულად შეძლონ დაავადების გამოვლენა და მკურნალობა. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ოჯახის ექიმის, ნათელა ჯაჯანიძის განმარტებით, საპილოტე პროექტის მიზანი სკრინინგის ინტეგრირებული მეთოდია- სამი დაავადება ერთი პაციენტი.
„C -ჰეპატიტის, აივ შიდსისა და ტუბერკულოზის დროულად გამოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ტრენინგი ზუსტად ამ საკითხს ეძღვნება. უნდა დაინერგოს პირველად ჯანდაცვაში სკრინინგის ინტეგრირებული მეთოდი - სამი დაავადება ერთი პაციენტი. დაავადების მანიფესტაცია აივ ინფექციის შემთხვევაში, ხდება 7-8 წლის შემდეგ, C-ს შემთხვევაში 20-30 წლის შემდეგ, როდესაც დგება ღვიძლის ციროზი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთი მარტივი სკრინინგული გამოკვლევით მთელი მოსახლეობის დიაგნოსტირება მოხდეს. ეს არის მარტივი ტესტი, რომელიც ერთდროულად სამ დაავადებაზე ტარდება და პასუხიც მაშინვე ხდება ცნობილი.“


გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსის, ეკა ბურდიაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათას 700 ლარია გამოყოფილი.
„ თანხა დაიხარჯება ამბულატორიის ექიმების შრომის ანაზღაურების მიზნით, რაც შეეხება ტესტ სისტემებს, მას დაავადებათა კონტროლის ცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამა არ არის ერთწლიანი და 2020 წელსაც გაგრძელდება. მისი მიზანია, ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტი დავიყოლიოთ აქტიურად ჩაერთოს მკურნალობაში. “


ტრენინგები კახეთის რეგიონს მასშტაბითაა დაგეგმილი და გურჯაანის შემდეგ, სიღნაღში, საგარეჯოში, ლაგოდეხსა და ახმეტაშიც ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google