ჯანდაცვა
გურჯაანში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს შემოვა
გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ვირუსის პრევენციისთვის ვაქცინა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოქტომბრის ბოლოს შემოვა.

იმუნიზაციის ექიმის, ნონა შანიძის განმარტებით, ეს იქნება 2019-2020 წლების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
„ოქტომბრის ბოლოს, როგორც კი შემოვა ვაქცინა, პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ აცრების ჩატარებას. ვაქცინა არის ერთდოზიანი, მაღალ სტანდარტებზე დამზადებული, ოთხკომპონენტიანი და სხვადასხვა სახეობაზე გათვლილი. კონტინგენტი იქნება, პირველ რიგში, მედპერსონალი, რომელიც უშუალოდ დაავადების გამავრცელებელი და გადამტანია. ასევე, დიაბეტით დაავადებულები, დიალეზზე მყოფები, 18 წლამდე ასაკის დიაბეტიანი ბავშვები, ორსულები და უმწეო ბენეფიციარები. წელს დაემატა კიდევ ბაგა-ბაღის აღმზრდელები და ვეტერინარული სამსახური. ვაქცინა იმდენად მაღალხარისხიანია, რომ პრაქტიკულად, გვერდითი მოველენები და უკუჩვენებები არ გააჩნია, გარდა ნებისმიერი მწვავე დაავადებისა. პირველ ეტაპზე გვექნება ხუთასი დოზა და თუ საჭირო გახდა, დამატებითაც შემოვიტანთ.“

ნონა შანიძის თქმით, ვაქცინა ბაზირებული იქნება მათ სამსახურში, საიდანაც წაიღებენ ოჯახის ექიმები, დიალეზზე მყოფებისთვის - დიაგნოსტიკური ცენტრი „კახეთი იონი“, დანარჩენი კი მოთხოვნის მიხედვით გადანაწილდება. სხვა კონტინგენტისთვის, ვაქცინა ჩვეულებრივ სააფთიაქო ქსელში გაყიდვაშია.
როგორც იმუნიზაციის ექიმი განმარტავს, ამ სეზონისთვის, ჯერჯერობით გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი / ვაქცინა /