ჯანდაცვა
გურჯაანში სამკომპონენტიანი ინეტეგრირებული სკრინინგი გრძელდება
C ჰეპატიტზე, ტუბერკულოზსა და აივ ინფექციაზე სამკომპონენტიანი ინეტეგრირებული სკრინინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.


გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსის, ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, გასულ წელს სკრინინგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 11 ათას ადამიანს ჩაუტარდა.
„სკრინინგის მიზანი დაავადების დროულად გამოვლენა და მკურნალობაა. პროგრამისთვის თანხა გურჯაანის მერიამ გამოყო. გასულ წელს C ჰეპატიტის - 62, აივ ინფექციის - 3 და ტუბერკულოზის ასევე 3 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული პროგრმა წელსაც გაგრძელდება და მოსახლეობას საშუალება ექნება კვლავ უფასოდ ჩაიტაროს კვლევა.“

მისივე თქმით, ინტეგრირებული სკრინინგით გამოვლენილი დადებითი პაციენტი უფასოდ იტარებს კონფირმაციულ კვლევებს „კახეთი იონში“. რაც შეეხება ტუბერკულოზზე საეჭვო პაციენტს, ის ტუბდისპანსერში იგზავნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროგრამა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.


| Print |
FaceBook Twitter Google