ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაინფიცირებული ადამიანები იტალიაში სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც მან განმარტა, ამჟამად მიმდინარეობს ამ 5 პაციენტის კონტაქტების კვლევა და იდენტიფიცირება. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.  მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანმრთელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google