ჯანდაცვა
მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.
აღნიშნული წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

უწყებათაშორისი საბჭოს განცხადებით:

-ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;

-საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. 


| Print |
FaceBook Twitter Google