ჯანდაცვა
კორონავირუსის საფრთხის გამო 47 ადამიანი თვითიზოლაციაშია
კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, ახმეტაში - 9, ყვარელში - 5, სიღნაღში - 5, ლაგოდეხში - 5, გურჯაანში - 9, თელავში - 10 და საგარეჯოში - 4.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ყოველდღიურად აკვირდებიან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა.

"ყველა პიროვნებას ყოველდღიურად რამდენჯერმე ამოწმებენ როგორც სამართალდამცავები, ისე სოფლებში მერის წარმომადგენლები. ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის ნაწილი ჩვენ მოვიძიეთ, ნაწილი თბილისიდან მოგვაწოდეს. ასევე თავად მოსახლეობაც გვირეკავს და გვატყობინებს ამბავს," - განაცხადა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, იმ პირებს, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის რეჟიმს,  საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 15 ადამიანს დაუდასტურდა.

| Print |
FaceBook Twitter Google